ეროვნული გადარჩენის გეგმა

ის კამპანია, რომელსაც ახლა ვიწყებ კამპანია – ეროვნული გადარჩენისთვის და ეროვნული გადარჩენის გეგმა, რომელიც წარვადგინე, სწორედ ხალხის წერილებიდან არის გამომდინარე. უამრავი ადამიანი მწერს და  წუხს, რომ მალე ქართველები რეალურად აღარ დავრჩებით, განვადგურდებით. აქედან გამომდინარე, ჩემს გუნდთან ერთად წარვადგინე გეგმა ეროვნული გადარჩენისთვის. მე გთხოვთ ამ გეგმის მხარდაჭერას. მე გამოვაქვეყნებ ეროვნული გადარჩენის გეგმას. თუ გსურთ, რომ მხარი დამიჭიროთ კამპანიაში ერთად ვიაროთ მხარეებში, ხალხს ავუხსნათ, რა ხდება გთხოვთ, მომწერეთ და ასევე მხარი დამიჭირეთ ფინანსურად. ამ ყველაფერს სჭირდება სხვადასხვა კლიპი მომზადება. საჭიროა სიარული რეგიონებში და გადაცემის მომზადება. შესაბამისად, ამას სჭირდება ფინანსები. თუ გაქვთ საშუალება, გთხოვთ, მხარი დაგვიჭიროთ ამ ნაწილშიც.

რაში მდგომარეობს გეგმა?

გეგმაში მოცემულია რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც მე თვეების განმავლობაში მოვამზადე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით.
საიმიგრაციო სამართალი მაქვს ნასწავლი  ჯერ კიდევ ამერიკაში, ამ სფეროში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტთან. საქართველოში ეს მიმართულება ჯერ კიდევ ნაკლებად არის განვითარებული. შესაძლოა, ათი-თხუთმეტი წლის წინ, როცა მე ეს სფერო ვისწავლე, საიმიგრაციო სამართალი საქართველოში მნიშვნელოვნად არ ითვლებოდა, მაგრამ დღეს უკვე აშკარად მნიშვნელოვანია. დღეს საქართველო ორ გზაჯვარედინზე დგას: ან გადავიქცევით ფეოდალურ სახელმწიფოდ, სადაც ქართველები უმცირესობაში ვიქნებით და სამუშაოდ ჩამოსული ადამიანები არც დაზღვევით ისარგებლებენ, არც შრომითი უფლებებით – ფაქტობრივად მონებად იქცევიან: აჭმევენ, დააძინებენ და მორჩა. ან საქართველო გახდება თანამედროვე, ევროპული სახელმწიფო, სადაც კანონი მართავს, შრომის კოდექსი მოქმედებს, არსებობს დაზღვევა, ჯანდაცვა, და სადაც ადამიანები ვართ სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ.სწორედ ასეთ ქვეყანაში უნდა ვცხოვრობდეთ – სადაც ვითარებას ვმართავთ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები.

სტატისტიკის სამსახურმა, რომელმაც ჩაატარა აღწერა, არ გამოაქვეყნა მონაცემები იმის შესახებ, რა ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ ჩვენს ქვეყანაში.
გამოქვეყნდა მხოლოდ ციფრები – ვნახეთ, რომ ჩვენ ვცოტავდებით, მაგრამ ამ ციფრებში ვინ ვართ დარჩენილი, ვინ არის საქართველოს მოქალაქე და ვინ არა – ამის შესახებ ინფორმაცია არ გამოქვეყნდა. ჩვენს ქვეყანას გადარჩენა სჭირდება.
ეს გეგმა მე პირველად დავდე. ბევრი პარტია და ბევრი ადამიანი მხოლოდ წუწუნებს, მაგრამ მე კონკრეტული გეგმა წარმოვადგინე.

გთხოვთ, განიხილოთ, მომწერეთ თქვენი აზრები – ვიმსჯელოთ ერთად.
მე თავად მივმართავ ყველა პარტიას, ყველა ტელევიზიას და ყველას შევთავაზებ ამ გეგმას.

ნაბიჯი 1 :  ბინადრობის ნებართვა არ გაიცეს, გაიცეს მხოლოდ ბიზნესში ინვესტიციაზე

ნახეთ, დღეს რა ხდება – ზუსტად ისეთი სურათია, როგორიც მესამე მსოფლიოს ჩამორჩენილ ქვეყნებშია. თუ იყიდი ბინას, გეძლევა უფლება იცხოვრო საქართველოში. ეს უკვე დაუშვებელია. ასეთი წესრიგი აღარ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს და რეალურად მხოლოდ გვაზიანებს, რატომ?

იმიტომ, რომ შენდება ბინები, რომლებიც ჩვენ, ქართველებს, აღარ შეგვიძლია ვიყიდოთ – მათ ყიდულობენ უცხოელები და ქვეყანა ნელ-ნელა გადაიქცევა უცხოელ გაქირავებლების სივრცედ, სადაც არც ეკონომიკა ვითარდება, არც გადასახადები იხდება იმისთვის, რომ გზა აშენდეს ან სკოლა გაკეთდეს. ეს არის დამღუპველი მიდგომა. დომინიკის რესპუბლიკა, ჰაიტი და კიდევ ბევრი ქვეყანა, რომლებიც ვერასოდეს გახდნენ პირველი მსოფლიოს სახელმწიფოები, სწორედ ამ გზაზე წავიდნენ. იმისთვის, რომ ჩვენ იგივე შეცდომა არ გავიმეოროთ, აუცილებელია შემდეგი: არავითარი ბინადრობის ნებართვა ბინის ყიდვაზე.

დღეს რაც ხდება – გადაიხდი ასი ათას დოლარს, იყიდი ბინას და იღებ ბინადრობის ნებართვას. ორ ოთახიანი ბინა უკვე აკმაყოფილებს ამ პირობებს!
მერე რა ხდება? უცხოელებს ათასი სქემა აქვთ მოფიქრებული – ერთი ბინა ბევრ ადამიანზეა გაფორმებული, გადადიან ერთი მეორეში, მხოლოდ იმისთვის, რომ მოიპოვონ ბინადრობის ნებართვა. ეს ყველაფერი უნდა აღვკვეთოთ.
თუ სურს უცხოელს ბინადრობის ნებართვა? – მან უნდა ჩადოს ფული საქმეში, ბიზნესში, კომპანიაში, ქარხანაში. გააძლიერე ქვეყანა – აი, ასე მოიპოვე ბინადრობის ნებართვა.

ნაბიჯი 2: განსხვავებული ფასები

ტურისტულ ობიექტებზე ფასები უნდა იყოს განსხვავებული ადგილობრივებისა და უცხოელებისთვის. ფასები პარკებში, მუზეუმებში და ზოგადად ყველაფერზე, რაც ტურიზმს ეხება და სახელმწიფოს ეკუთვნის, უნდა იყოს განსხვავებული საქართველოს მოქალაქეებისთვის და უცხოელებისთვის. სხვათა შორის, დღეს ის თანხები, რასაც ვიხდით ჩვენ – მაგალითად, 10 ან 20 ლარი პარკში შესასვლელად – უცხოელებისთვის უმნიშვნელოა. ისინი ჩამოდიან საქართველოში, რომ მოინახულონ მარტვილის კანიონი, უფლისციხე და სხვა ღირსშესანიშნაობები, და ამ თანხებს უპრობლემოდ იხდიან – გადაიხადონ კიდეც.  მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის იგივე ფასები სამართლიანი აღარ არის. ეს არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა. ადამიანი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა მარტვილში, არ უნდა იხდიდეს იმ კანიონში შესასვლელად იმავე თანხას, რასაც უცხოელი ტურისტი.
ჩვენთვის ეს გადასახადი უნდა იყოს სიმბოლური — ერთი ან ორი ლარი, მეტი არა.nუცხოელებისთვის კი განსხვავებული ფასი.

ასე უნდა მოვიქცეთ, რათა ჩვენი ეკონომიკა ამ სფეროდანაც ისუნთქავდეს და არ დავემსგავსოთ იმ ქვეყნებს, როგორიცაა ჰაიტი და სხვა გაუბედურებული „ბანანის რესპუბლიკები“, სადაც არც სახელმწიფო არსებობს, არც ხალხის ხმა ისმის და ყველაფერი კორუმპირებული დაჯგუფებების ხელშია.

ნაბიჯი 3: მწვანე საზღვრის თანამედროვე კონტროლი

რა არის მწვანე ზოლი? ეს არის ჩვენი საზღვრის ისეთი უბნები, სადაც არ არსებობს სასაზღვრო გამშვები პუნქტი და შესაბამისად, ტერიტორია რეალურად უკონტროლოა. სწორედ ამ ზოლებში დღეს ყვავის უკანონო მიგრაცია – ხდება ადამიანების გადაყვანა და გადმოყვანა ფულის სანაცვლოდ, ზოგჯერ კი კრიმინალებისა და თაღლითების გაქცევაც, მათ შორის აფხაზეთის მიმართულებით. მწვანე ზოლი უნდა აღირიცხოს სრულად. საზღვრის ყველა მონაკვეთი ზუსტად უნდა განისაზღვროს, ხოლო კონტროლი უნდა განხორციელდეს როგორც ტექნოლოგიური საშუალებებით -დრონებით, სენსორებით, თერმული კამერებით – ასევე საპატრულო და სასაზღვრო ძალების გაძლიერებით.

დღეს, სამწუხაროდ, ათასობით კილომეტრი საზღვრის მონაკვეთი უკონტროლო მდგომარეობაშია. სხვათა შორის, მწვანე ზოლის კონტროლი ევროკავშირის მოთხოვნაც არის – ეს პირდაპირ წერია ასოცირების შეთანხმებაში. ამგვარად, ეს ნაბიჯი სრულად შეესაბამება ჩვენს ევროპულ გზას და წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების განმტკიცების აუცილებელ ელემენტს.

ნაბიჯი 4: შრომითი საქმიანობის დაცვა.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი — არალეგალური დასაქმების აღკვეთა. იმ ბიზნესს, რომელიც დაიქირავებს არალეგალ მიგრანტებს – ანუ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ შრომითი ნებართვა – უნდა დაეკისროს სერიოზული ჯარიმა. ჯარიმა ასევე უნდა გავრცელდეს იმ შემთხვევებზე, როცა ბიზნესი სამსახურიდან უშვებს საქართველოს მოქალაქეს და მის ნაცვლად ქირაობს უცხოელს.

ვაფრთხილებ ასეთ ბიზნესმენებს:

მე პირადად მოგთხოვთ პასუხს. მე თქვენთან პირადად მოვალ და ვიტყვი, ვინ ხართ -იმიტომ, რომ თქვენი ზოგიერთი თანამშრომელი უცხოელებისგან კამერებს ემალება, იციან, რომ საბუთები არ აქვთ. ეს ამ ქვეყანაში არ შეიძლება. კანონი უნდა კანონობდეს. ძალიან ბევრი მაგალითი მომდის  საქართველოს მოქალაქეებს აგდებენ სამსახურებიდან, ხოლო მათ ადგილას იღებენ უკანონოდ ქვეყანაში მყოფ უცხოელებს, რომლებსაც არც ნებართვა აქვთ, არც გადასახადს იხდიან. ეს არის დაუშვებელი.

ჯარიმა უნდა იყოს 10 000 ლარი თითო უკანონო დასაქმებულ უცხოელზე.
თუ ვინმე აიყვანს სამსახურში ადამიანს, რომელსაც არ აქვს შრომითი ნებართვა – 10 000 ლარი ჯარიმა. პირბადის ტარების გამო ადამიანები ციხეში სვამდნენ,
ხოლო დღეს ასობით უცხოელი მუშაობს ნებართვის გარეშე და არც ერთი ბიზნესმენი არ ისჯება.

მე მივწერე შრომის ინსპექციას, ვკითხე – რამდენი ბიზნესი დაჯარიმდა შრომითი ნებართვის არქონის გამო? პასუხი არ მიმიღია. რატომ? იმიტომ, რომ მმართველ ძალასთან დაკავშირებულ ბიზნესებს აწყობთ ასეთი მდგომარეობა – ჰყავდეთ უცხოელი მუშები, ფაქტობრივად მონებად. მათ არ სჭირდებათ თანამშრომლები – მათ სჭირდებათ მონები, რომლებსაც გადაუგდებენ საჭმელს და ყველაფერს ათქმევინებენ. საქართველოს მოქალაქე, როცა მუშაობს, იხდის საშემოსავლოს – ეს ფული მიდის გზების, სკოლების, ბავშვებისთვის უფასო კვების დაფინანსებაში. ასე უნდა მუშაობდეს ნორმალური სახელმწიფო, სადაც ვერც ღარიბაშვილები და ვერც ზარქუები ვერ პარავენ ბავშვებს საჭმელსა და ბუფეტის ფულს. შედეგად: ბიზნესს, რომელიც დაიქირავებს უცხოელს ნებართვის გარეშე, უნდა დაეკისროს 10 000 ლარიანი ჯარიმა თითო უკანონო დასაქმებულზე.

ნაბიჯი 5: კვოტები

ეს არის ტრადიციული მეთოდი იმიგრაციის მართვისა და ყველაფერი სწორედ კვოტების მიხედვით ხდება. ევროპელ ქვეყნებში, ამერიკაში, კანადაში, სადაც მე ბევრგან მუშაობდი, პირადად, როდესაც ამერიკაში დავამთავრე სადოქტორო, სამუშაოდ გადავედი კანადაში, სწორედ ასეთი მეთოდებით მოვიგე კონკურსი. გამოცხადდა, ძებნა კანადის მოქალაქეზე ვერავინ ვერ დააკმაყოფილებდა ეს პირობები, და ეს სამსახური მე მივიღე და მივიღე შრომითი ნებართვა. ეს არის ტრადიციული და ყველაფერი ეს ხდება კვოტების მიხედვით.

რა არის კვოტა?

კვოტა – ეს არის სახელმწიფოს მიერ წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა. არა იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს „ნინია-ს ბაღი“ და ვისაც უნდა ის შემოდის, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო წინასწარ განსაზღვრავს და აწესებს რაოდენობას ადამიანების თუ რამდენი უნდა შემოვიდეს ქვეყანაში.  

მაგალითად: ბიზნესი ამბობს, რომ წელს მას სჭირდება 200 გეოლოგი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები ამ მიმართულებით არ არიან. კვოტების მიხედვით ჯერ დგინდება, რამდენი რაოდენობა არის საჭირო ყოველწლიურად, შემდეგ მერე დგინდება პროფესიების მიხედვით რაოდენობა და სწორედ ამ მონაცემების მიხედვით გაიცემა ვიზები.

რომელიმე თქვენგანი, ვინც ამერიკაში ცხოვრობს, დამეთანხმება, რომ სწორედ ასე აქვს მოწყობილი სისტემა. ევროპასა და ამერიკაში იმიგრაციის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ იგივე. როდესაც იმიგრაციის პრობლემა უკვე საქმე ხდება პრობლემად – მაშინ უკვე გვიანია.

შესაბამისად, ვერთვები ამ საქმეში დღეს, რადგან ახლა არის დროული მოქმედება, სანამ დაგვიანებული არ იქნება. სტატისტიკის სამსახური ოფიციალურად აცხადებს, რომ ქვეყანაში არალეგალურად დაახლოებით 25 000 ადამიანი ჩერდება – მაგრამ ჩვენთვის უცნობია დეტალები, ვინ არიან ისინი, და შესაბამისად არ გვაქვს გონივრული კონტროლი.

სანამ დაგვაგვიანდა მანამდე უნდა მივოღოთ ეს ზომა.  საემიგრიციო ზომები და ეროვნული გადარჩენის გეგმა, რომელსაც მე წარვადგენ.. კვოტების სისტემა უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფომ წინასწარ და ციფრებით განსაზღვროს, ვინ შემოდის, რამდენი ადამიანი შემოდის და რა პროფესიის ადამიანი შემოდის.

ნაბიჯი 6: საქართველოს მოქალაქეები უპირველეს ყოვლისა

უცხოელი სამსახურში უნდა ავიყვანოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დავრწმუნდებით, რომ ამ პროფესიის საქართველოს მოქალაქე არ არსებობს. ხუთი წლის წინ, როდესაც პოლიტიკაში შემოვედი, პირველად სწორედ ეს ვთქვი – მახსოვს, ჩემს პირველ ეთერში ინგა გრიგოლიასთან. რა თქმა უნდა, ეს იყო სხვის ტელევიზიაზე და ბუნებრივია, მათ დიდად ჩემთვის არ სცალიათ, ამიტომაც ჩაიკარგა. საქართველოს მოქალაქეები უპირველეს ყოვლისა, როგორც მოგიყევით, როდესაც კანადაში დავსაქმდი, ჯერ გამოცხადდა – იყო თუ არა ამ სფეროში შესაბამისი კვალიფიკაციის კანადელი სპეციალისტი. თუ არ იყო, მხოლოდ შემდეგ იღებდნენ უცხოელს.
აი, სწორედ ასე ხდება დასაქმება ყველა ქვეყანაში, სადაც მე ვმუშაობდი და დღესაც ვმუშაობ. ამიტომ, მეექვსე და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გეგმაა: ჯერ ცხადდება შრომითი ნებართვა – სანამ გაიცემა.

ჯერ ბიზნესმა უნდა დაადასტუროს, რომ შესაბამისი საქართველოს მოქალაქე არ ჰყავს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია უცხოეთის მოქალაქის დაქირავება.

მაგალითად: თუ სჭირდება ასტროფიზიკოსი და საქართველოში ამ პროფესიით სპეციალისტი არ არის – კი ბატონო, შეუძლია დაიქირავოს უცხოელი.
ან თუ ეს არის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, რომლებიც ჩვენთან სულ რამდენიმე გვყავს – ამ შემთხვევაშიც შეიძლება.

მაგრამ სწორედ აქ მივდივართ განათლების პრობლემებთან. ჩვენ რა გვემართება, რომ ვერ ვაწარმოებთ იმ დონის პროფესიონალებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებისთვის გვჭირდება.

ჯერ და უპირველესად, საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს პრიორიტეტი.

ნაბიჯი 7:  უძრავ ქონებაზე გადასახადის გაზრდა არარეზიდენტებისთვის

დღევანდელ საქართველოში ქონების გადასახადს გაქირავებულ ქონებაზე ყველა ერთნაირად ვიხდით. საქართველოში მცხოვრები პირები და ის პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ. (არარეზიდენტები). ეს ევროპულ სივრცეში ანომალიაა. ჩვენ ვინც აქ ვცხოვრობთ ვმონაწილეობთ ეკონომიკაში, ვიხდით გადასახადებს, ვხარჯავთ ფულს, რომელიც ხმარდება ჩვენს ქვეყანას. პირები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან და ასევე საქართველოში არ ცხოვრობენ ამას არაფერს არ აკეთებენ. მათ უბრალოდ დოვლათი ჩვენი ქვეყნიდან გააქვთ. სწორედ ამ მიზნით არის განსხვავებული გადასახადები ქონების გაქირავებისთვის ევროპის უმეტეს ქვეყნებში. არარეზიდენტებმა მეტი უნდა გადაიხადონ. შესაბამისად, ქონების გადასახადი არამოქალაქეებისთვის უნდა გაიზარდოს 20% მდე. ისინი ვინც საქართველოს მოქალაქეები ვართ და ან საქართველოში ვცხოვრობთ გავაგრძელებთ 5% -ის გადახდას. ამ საშუალებით ქონების მფლობელები  არა მხოლოდ წაიღებენ დოვლათს, საკუთარ წვლილს შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკაში. ეს ცვლილება ეფუძნება ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებას.

ეროვნული გადარჩენის გეგმა — 7 ნაბიჯი, რომელსაც მე ვაქვეყნებ: გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ, მათ შორის ფინანსურადაც. მეკამათოთ, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებსა და ახლობლებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს არის გეგმა, რომელიც უნდა დავნერგოთ და დასანერგია იმისთვის, რომ მართლაც გადავრჩეთ. ნახეთ, „გადარჩენა“ რატომ დავარქვით : იმიტომ, რომ ჯერ უნდა გადავრჩეთ, და მერე წავიდეთ წინ. დე ფაქტო ხელისუფლება ისეთ პირობებში ტოვებს ჩვენს ქვეყანას, რომ ჯერ უნდა გადავრჩეთ ნამდვილად, და მერე ყველაფერი დანარჩენი.


Comments

Leave a comment