საზოგადოების დიდი ნაწილი პოლიტიკაში ითხოვს განახლებას, მათ შორის ეს მოთხოვნა ოპოზიციის მიმართულებითაც ვრცელდება. თუ გადავხედავთ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით ვითარებას, მე მას ვუყურებ როგორც წარსულს, ძველ მოცემულობას, როგორც ძველ ოპოზიციას. შეგვიძლია ეს ყველაფერი ცოტა ხანში გვერდით გადავდოთ. ღმერთმა დამიფაროს რომ აქ პიროვნებებს ვგულისხმობდე. „ძველი“ და დასავიწყებელი ის ოპოზიციური წყობაა, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის შეიქმნა და რომელიც დღესაც მოქმედებს.
2024 წლის მოცემულობამ, მათ შორის ოთხმა ოპოზიციურმა კოალიციამ, თავისი ფუნქცია შეასრულა. ჩვენ გავიმარჯვეთ 2024 წლის არჩევნებში, მაგრამ ეს უკვე წარსულია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მოცემულობა იყო გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ და „ოცნებასთან“ ასე დაპირისპირება. შედეგად, ოპოზიცია სულ მარცხდებოდა. მე ვამბობდი, რომ არ შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში იყოს ოპოზიციის სახით მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფლანგები. ამ ვითარებაში ოცნება ნაცებზე ყოველთვის გაიმარჯვებს. მაშინ ამას ცოტა ისმენდა. მიუხედავად ამისა, არჩევნებში კანდიდატად თავი დავაყენე დამოუკიდებლად და ორივე დიდ ფლანგს ასე დავუპირისპირდი. ამ სტრატეგიამ ბრწყინვალე შედეგი და მხარდაჭერა მოიტანა.
ნახეს რა შედეგი, მალევე შეიქმნა მსგავსი მიმართულების პარტიები. გადადგომიდან მალევე იგივე მიმართულების პარტია დაარსა ყოფილმა პრემიერმა გახარიამ, ასევე თითქმის მთლიანად გადაიღო პარტია „ხალხისთვის“ პროგრამა, მიმართულება, და ფასეულობები. ეს უკვე ნაცადი და წარმატებული ფორმულა იყო. მალევე შეიქმნა ყველანაირი გემოვნების გამომხატველი პარტიები. მიუხედავად ბევრი წინაღობისა და საკანონმდებლო ბარიერებისა, მოხდა პარტიების გაერთიანება არა ორი, არამედ ოთხი ცენტრის ირგვლივ და ამიტომაც დაიდო ის შედეგი რაც დაიდო.
მაგრამ ახლა ეს წარსულია. წარსულია, როგორც ძველი პასუხი ძველ პრობლემაზე. წარსულია ასევე იმ თვითგანადგურების გამო, რაშიც ეს პარტიები ჩაერთვნენ 2025 წლიდან. წარსულია, ასევე იმიტომ რომ მოცემულობა დღეს სხვა არის: კოალიციები დაიშალა, ძველი დამფინანსებლები გაქრნენ ზოგიერთი პარტიებისთვის და არჩევნებში მონაწილე ორი პარტია კატასტროფულად დაკარგავს მხარდამჭერებს, 2024 წლის არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს გამარჯვება ჩვენ მოგვპარეს, უკვე გამოვიგლოვეთ და წარსულს უნდა ჩავაბაროთ. „ოცნება“ დაუბრუნდა ნაცად და წარმატებულ ხერხს: ახლა ისევ არის მცდელობა რომ ყველა მოაცილონ მოედნიდან და ისევ დატოვონ მხოლოდ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფლანგები ,,ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებაში.
ბიბლიაში ყველაზე კარგად არის ნათქვამი ეს სიბრძნე:
„არც არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება.
„არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება. (ლუკა, 5:37/38)
2025 წლის 4 ოქტომბრის მერე, როდესაც ოპოზიციური თვითდაზიანების, ურთიერთ განადგურების და თავის თავის გადარჩენის ერთი ეტაპი დასრულდება, რაღაც ახალი დაიბადება. აზრი არ აქვს ბრძოლას ოპოზიციის ძველ შემადგენლობასთან ერთად ან მის წინააღმდეგ. მსგავსი მცდელობები განწირულია მარცხისთვის. სიახლის შობა რთულია და წარსულთან დამშვიდობება მტკივნეული, თუმცა აუცილებელი. ყველა ახალი წყობის დაბადება მტკივნეულია, თუმცა ახალი ძალისა და ენერგიის მომცემი. თუ ჩვენ ამ წარსულ მოცემულობაზე უარს არ ვიტყვით და ისევ ერთ წრეზე ვივლით. ერთიდაგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ, მკვდარს ვერ გააცოცხლებ და წარსულს ვერ დააბრუნებ. ის რაც სწორი იყო 2024 წელს, დამამძიმებელი და დამახრჩობელი იქნება 2025 წელს. ამიტომ ვეძახი დღევანდელ ოპოზიციას ,,ძველს“.

Leave a comment