მანიფესტი: ეს ქვეყანა ჩვენია

2019 წლის 21 ივნისს პარლამენტის წინ საჯარო გამოსვლისას დავსვი კითხვა: ვისია ეს ქვეყანა? ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხია: ეს ქვეყანა ჩვენია.

შემოგვხედეთ.  ჩვენ მოვედით იმის სათქმელად რომ ჩვენ აქ ვართ. თქვენ გეგონათ რომ გვეძინა ან დავიღალეთ ან გვეზარება. თქვენ გეგონათ რომ ჩვენ ფეხებზე გვკიდია, დაკავებულები ვართ. თქვენ გეგონათ რომ ჩვენ გვშია და ამიტომ დაგვავიწყდება, რომ რაც გაქვს იმას მოვლა უნდა. თქვენ გეგონათ, რომ ფეხები რესტორნებში ტურისტების მომსახურებისგან დაღლილი გაქვს და ამიტომ დაგვეზარება იმის ჩვენება რომ ეს ქვეყანა ჩვენია. თქვენ გეგონათ რომ “შარტავა” ქუჩა გვგონია და 9 აპრილი ერთერთი დასვენების დღე. თქვენ გეგონათ რომ გვეშინია. თქვენ გეგონათ რომ ჩვენ არ გვესმის, არ გვაინტერესებს და არ გვადარდებს. თქვენ გეგონათ რომ ეს ქვეყანა არავისია, უპატრონო ჰექტრებია, სადაც სიხარბის და უგუნურების კორპუსებს ჩადგავთ.

არადა, ჩვენ ვიქნებით იქ სადაც არ გგონივართ. ჩვენ ზუსტად იქ გავჩნდებით სადაც დაგავიწყდებით. ჩვენ მოვალთ იქ სადაც გეგონებათ რომ მარტო ხართ და რაღაცას ჩხიბავთ. ჩვენ ამოვალთ მაშინ, როდესაც ზურგებს გვაჩვენებთ. ჩვენ გავიღვიძებთ ზუსტად მაშინ როდესაც გგონიათ რომ ღრმად გვძინავს. ჩვენ ვიდგებით იქ, სადაც გინდათ რომ სიცარიელე იყოს, ვიყვირებთ როდესაც სიჩუმეს ნატრობთ და შუქს ავანთებთ იქ, სადაც უკუნითი სიბნელის იმედი გაქვთ.

ჩვენ ვიცით რომ საკუთრება, ქვეყნის საკუთრებაც, საჯარო რეესტრში გაფორმებით და სახელის დარქმევით არ მთავრდება. ჩვენ ვიცით, რომ რასაც ვერ უვლი არ უნდა გქონდეს და რაც გაქვს იმას მოვლა უნდა. ჩვენ ვიცით რომ უპატრონო ეკლესიაში ეშმაკები ბუდობენ და უპატრონო სახლში კი ჩამტვრეული ფანჯრის ნამსხვრევებზე მოგვიწევს სიარული. ჩვენ ვიცით რომ უნდა დავიკავოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ, მივიდეთ, დავრეკოთ, თუ საჭიროა ვიყვიროთ, გავსხლათ, დავბაროთ, გავათენოთ, გავმარგლოთ, მოვრწყათ, ავრიოთ და დავალაგოთ, დავანგრიოთ, ავაშენოთ, შევაკეთოთ, და ვიაროთ. ყველგან ვიაროთ. ჩვენი მუდამ ვიმოძრავებთ და ვიქნებით ყველგან, რომ არავინ იფიქროს რომ ამ ქვეყნის პატრონი გასულია და რამე სკამზე უკითხავად არ წამოსკუპდეს.

ჩვენია ყველა ეზო, ჩვენია ყველა ბაღი, ჩვენია ყველა ქუჩა, სკოლა, სასამართლო, უნივერსიტეტიც ჩვენია, კონსტიტუციაც ჩვენია და ყველა კანონი, რომელსაც თქვენ დაწერთ ან ვერ დაწერთ ისიც ჩვენია. ყველა კედელი ამ ქვეყანაში, ყველა ბუჩქი, ყველა მავთულხლართი, ყველა გამზირი, ყველა ბაღი, ყველა საქანელა, ყველა გადასასვლელი და შუქნიშანი, ყველა პარკი, ყველა საბჭო და კომისია, ყველა სასამართლო პროცესი და ყველა სხდომა, ყველა სახურავი, ყველა შეხვედრა, ყველა აუდიტორია და ყველა სკამი (მათ შორის ისიც, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ზის) ჩვენია.

და თუ როდესმე ვინმეს შეეპარება ეჭვი რომ ეს ქვეყანა არავისია, და დასვავს კითხვას თუ ვისია ეს ქვეყანა, ჩვენ მოვალთ და ვაჩვენებთ. კარგად შემოგვეხდეთ, ჩვენ აქ ვართ და ეს ქვეყანა ჩვენია.


Comments

Leave a comment